1 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლიანა ტაბიძე: მოლოდინი ნამდვილად გვაქვს, რომ რეფორმის პროცესი ჩვენი თანამონაწილეობით განვითარდება

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის დაწყების შესახებ განცხადება რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. ეს რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. პირველადი რგოლის რეფორმაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავრობის კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს დახმარებას, რომელთანაც საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი შეთანხმება აკავშირებს, რაც თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.

 

ვესაუბრებით ოჯახის ექიმს, ანაკლიის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლიანა ტაბიძეს.

 

– რატომ არის აუცილებელი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება?

 

ვფიქრობ, პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომლიც სასარგებლო იქნება როგორც ექიმისთვის, ასევე პაციენტისთვის. დღეს ვმუშაობთ „საქველმოქმედო ანაზღაურებით“. პრაქტიკულად, ექიმის ანაზღაურება უტოლდება საარსებო მინიმუმს, მაგრამ საქმეს მაინც ვაკეთებთ, იმიტომ, რომ გვყავს პაციენტები. რომ გავაუმჯობესოთ მოსახლეობის მდგომარეობა, საჭიროა გარკვეული გეგმის შემუშავება. როცა იქნება პირველადი ჯანდაცვა მაღალ დონეზე, პაციენტების მდგომარეობაც კარგი იქნება და სამედიცინო მუშაკებისაც ასევე. პირველადი ჯანდაცვა, ეს არის ბაზისი და ბაზისი თუ მყარია, მისი ზედნაშენიც მყარი იქნება.

 

–        რა პრობლემებია რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის კუთხით?

 

– ჩემს რეგიონში არ არის მოწესრიგებული ინფრასტუქტურა. პრაქტიკულად გარეთ ვმუშაობთ. შენობები ავარიულია, გვაწვიმს, გვათოვს. არ არის სველი წერტილები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, პრობლემები მართლაც ბევრია.

დღეს არის 21–ე საუკუნე და ჩვენი კლინიკა იმყოფება პირველად თემურ წყობილებაში. ამიტომ, ლაპარაკი მაღალ ტექნოლოგიებზე ნაადრევია, სანამ არ იქნება გაკეთებული ელემენტარული, შესაბამისი პირობები. ეს რომ მოწესრიგდება, შემდეგ საჭიროა ყველა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმს ემსახურებოდეს ტრანსპორტი, რათა მომსახურეობა იყოს უფრო მაღალი ხარისხის და შეგვეძლოს პაციენტებთან მისვლა. 5–7 კილომეტრს რომ გაივლის ექიმი ფეხით პაციენთან მისასვლელად, შემდეგ ის არც ავადმყოფისთვის ვარგა და არც ოჯახისთვის.

 

– როგორ მიმდინარეობს თქვენს რეგიონში ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა?

 

–პრაქტიკულად პროგრამა ჩვენთან რთულად მუშაობს. პაციენტები სამედიცინო სერვისების მისაღებად დიდ ქალაქებში მიდიან. რაც კარგად სრულდება ეს არის იმუნიზაცია. სხვა პროგრამები პრაქტიკულად ვერ მოქმედებს.

 

–თქვენი აზრით, რა საჭიროებებია, პირველ რიგში, პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის?

 

–უნდა დაისახოს პრიორიტეტები, სწორად უნდა განისაზღვროს თითოეული რეგიონისთვის, თითოეული ამბოლატორიისთვის რა უფრო საჭირო და პრიორიტეტულია. რეფორმა უნდა ტარდებოდეს ქვემოდან ზემოთ და არა ზემოდან ქვემოთ. მისი განხორციელება უნდა დაიწყოს ნულიდან და უნდა განვითარდეს მაქსიმალურად.

 

–რამდენად ხარჯთეფექტური იქნება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ახალი რეფორმის განხორციელება?

 

–თუ ჩვენ პირველად ეტაპზე პრევენციულ ღონისძიებებს ჩავატარებთ, თუ სწორად იქნება ეს ყველაფერი ორგანიზებული, მაშინ მეორე და მესამე დონეზე ავადმყოფთა მომართვიანობა იქნება უფრო ნაკლები და ხარჯის გაწევის უფრო ნაკლები საჭიროებაც იქნება.

 

–როგორ აპირებთ რეფორმის პროცესში ჩართვას,  გაქვთ თუ არა განცდა, რომ   თქვენ და თქვენი კოლეგებიც მიიღებთ მონაწილეობას რეფორმის პროცესში?

 

– ახლახანს თბილისსი ჩატარდა კონფერენცია, რომელიც სწორედ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის საკითხებს მიეძღვნა. იქ იყო წარმოდგენილი გარკვეული ხედვები. სამინისტრომაც და მისმა კონტრაქტორმა უცხოურმა „გლობალ ალიანსმაც“ მკაფიოდ თქვა, რომ რეფორმის პროცესში, გეგმების შემუშავების და მათი განხორციელების პროცესში, ოჯახის ექიმები, მათ შორის ექიმები რეგიონებიდან, აქტიურად ვიქნებით ჩართულნი. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა პრობლემებია ადგილებზე და რა გზებით შეიძლება მათი გადაჭრა. ასე რომ, მოლოდინი ნამდვილად გვაქვს, რომ რეფორმის პროცესი ჩვენი თანამონაწილეობით განვითარდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები